“თუ საქართველოს უარს ვეუბნებით, ე.ი რუსეთი გვკარნახობს, ვის შეუძლია დასავლური ორიენტაციის არჩევა და ვის არა” – ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარდა, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ევროპისკენ იყურებიან და ითხოვენ, რომ ერთ დღესაც მათაც მიეცეთ შანსი.

„გაიხსენეთ საქართველო. მთავარი მიზეზი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ არ მივუხუროთ კარი საქართველოს, არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია და ეს გაყინული კონფლიქტიც კი არ არის. ოკუპაცია სამხრეთ ოსეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ საქართველო შეძლებს გახდეს ისეთივე კარგი რეფორმატორი ქვეყანა, როგორებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან, ევროკავშირმა გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსაც უნდა შესთავაზოს. 

„თუ საქართველოს ამ პერსპექტივაზე უარს ვეუბნებით მხოლოდ იმის გამო, რომ გვეშინია რუსეთის რეაქციის, ეს არის სიგნალი, რომ კვლავაც რუსეთი გვკარნახობს, ვის შეუძლია დასავლური ორიენტაციის არჩევა და ვის არა“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა.

ევროკავშირის გაფართოებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ასევე სლოვენიის პრეზიდენტმა, ბორუტ პაჰორმა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს რეგიონის ქვეყნების დახმარება, რათა მათ შეძლონ გაწევრიანებისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესრულება.

​„ევროპას არ აქვს ალტერნატივა, ყოველ შემთხვევაში, კარგი ალტერნატივა, როდესაც საქმე შეეხება მშვიდობასა და სტაბილურობას“ – განაცხადა ბორუტ პაჰორმა.

მსგავსი თემები