„თუ სასამართლომ სარჩელი გაიზიარა, კობაურის საქმის განხილვა ნულიდან დაიწყება“ – ადვოკატი

ხადას ხეობაში, ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებული მწყემსის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც მალხაზ კობაურის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სარჩელის გაზიარების შემთხვევაში, კობაურს სასჯელი კი არ შეუმსუბუქდება, მისი საქმის განხილვა თავიდან დაიწყება.

„სარჩელი საკასაციო წესით გავასაჩივრეთ. ძირითადად, პროცესუალურ დარღვევებზე გავამახვილეთ ყურადღება, რადგანაც ასეთი უამრავი დარღვევა არსებობს. ყველაზე მთავარი, რაც კობაურის შემთხვევაში სახეზეა, არის ის, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ასევე, მოსამართლემ დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი. ის უხეშად ერეოდა საქმის განხილვაში; მან უგულვებელყო კანონის მიხედვით მოპოვებული ახალი გარემოება, მტკიცებულება; მოსამართლემ დაარღვია ბრალდებულის გარანტირებული უფლება, რომ პროცესში აქტიურად ყოფილიყო ჩართული. მსგავსი შესაძლებლობა მას ფაქტიურად არც ჰქონია. მოსამართლემ ვერდიქტი ისე გამოიტანა, საქმის მტკიცებულებების გამოკვლევა საერთოდ არ მომხდარა“ – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი გაიზიარა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა თავიდან დაიწყება და კობაურის საქმეც ხელახლა განიხილება.

„თუ სააპელაციო პალატა ჩვენს მოსაზრებებს გაიზიარებს, ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მოხდება. საქმის განხილვა ნულიდან დაიწყება. ვინაიდან, სასამართლო პროცესებზე არსობრივი დარღვევა მრავლად იყო, ჩვენი მოთხოვნაა, რომ კობაურის საქმე ჩაიშალოს და სამართლებრივი განხილვა თავიდან დაიწყოს,“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის, საქალაქო სასამართლომ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები