“თუ საკითხი ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული გადაწყვეტილებით ჩააგდო და რაღაც სპექტაკლი დადგა”

„ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, კონსტიტუციური ცვლილების ჩავარდნის ჩათვლით.

როგორც კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არ არის გამორიცხული, აქციების მინელების პარალელურად, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაც მიანელოს.

„ყველაფერია მოსალოდნელი. პროპორციულ სისტემაზე უარის საბაბი შეიძლება გახდეს ის, რომ ჩაწყნარდა საპროტესტო ტალღა. პირადად, ნაკლებად ვხედავ ამ თემის უკან დატრიალების საფრთხეს. თუმცა, მოდუნების და ხელების ჩამოყრის დრო და საშუალება არ გვაქვს. მოდუნება არ შეიძლება. საკითხი მხოლოდ მაშინ იქნება დასრულებული, როცა მესამე მოსმენის შემდეგ, „ტაბლოზე“ ხმის მიცემის რიცხვები გამოისახება. სწორედ მაშინ ვიტყვი, რომ პროცესი დამთავრდა“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ხმების საჭირო რაოდენობის არარსებობის მიზეზით კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნა, კაციტაძე პასუხობს, რომ თუ ასე მოხდა, ეს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება იქნება.

„თუ ქართულმა ოცნებამ თავისივე წიაღში არ მიიღო ინიციატივის ჩავარდნის გადაწყვეტილება, ცალკეული მაჟორიტარებისა ამ საკითხს ვერ ჩააგდებენ. პარლამენტში 73 მაჟორიტარია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მათ მხარი რომ არ დაუჭირონ ცვლილებებს, საკითხი ჩავარდებაო, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ მაჟორიტარები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, „ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. ანუ, პოლიტიკური სახეები არიან მაჟორიტარები. შესაბამისად, მათ არ უნდა გაუჭირდეთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოგროვება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 106 თუ 107 ადამიანი თავის წიაღში, მათ დაახლოებით 33-32 ხმა ოპოზიციიდანაც ექნებათ, პლუს, ინიციატივას მხარს უჭერენ „ქართული ოცნებიდან“ გამოსული დეპუტატები. ამიტომ, თუ საკითხი ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული გადაწყვეტილებით ჩააგდო და რაღაც სპექტაკლი დადგა,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები