„თუ პატიმრები დარღვევებზე ისაუბრებენ, ბრალს უმძიმებენ და გამოძიებას იწყებენ“ – ადვოკატი ბათუმის N3 დაწესებულებაზე

ადვოკატი კახაბერ შინჯიაშვილი ბათუმის პენიტენციალურ N3 დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატიმრებს აშანტაჟებენ. ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელიც პატიმრების დაშინებას ეხება. მისივე განცხადებით, დაშინების ერთ-ერთი ფორმა სასჯელის დამძიმება და პატიმრის ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში გადაყვანაა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფმა 17-მა მსჯავრდებულმა, საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და დარღვევებზე საჩივარი დაწერა. საჩივარში საუბარი იყო მსჯავრდებულების უფლებების დარღვევაზე, მძიმე ფიზიკურ გარემოზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, დოული სამედიცინო დახმარების უქონლობაზე, სრულიად დაუსაბუთებლად, სამარტოვო საკანში ჩაყვანა , სადაც ადგილი აქვს პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტებს. როცა დაწესებულების ადმინისტრაციამ, კერძოდ მიხეილ კანდელაკმა და მისმა მოადგილე ბექა გაგნიძემ შეიტყვეს, რომ მსჯავრდებულების მხრიდან მზადდებოდა საჩივარი, მაქსიმალურად ცდილობდნენ ის არ გამოსულიყო გარეთ. როგორც კი საჩივარი გავრცელდა და ადრესატამდე მიაღწია, მუქარის განხორციელებაც დაიწყო“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი განცხადებით, პატიმრებზე მუქარა კი იმაში გამოიხატება, რომ 4 პატიმრის მიმართ სასჯელის დასამძიმებლად გამოძიება დაიწყეს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამომძიებელს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი ვარდუაშვილის, გიორგი მარსაგიშვილის, დავით ვიბლიანისა და გიორგი ხორგუანის მიმართ გამოძიება დაიწყეს. გიორგი მარსაგიშვილთან შესული იყო გამომძიებელი, ვინმე ლევან ბობოხიძე, რომელმაც განუცხადა რომ 4 პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 378 მუხლით გამოძიება იყო დაწყებული. კერძოდ კი საუბარია პენიტენციალურ დაწესებულების საქმიანობის ხელის შეშლაზე. მას მერე ვეძებთ ამ გამომძიებელს, რომ მივიღოთ ინფორმაცია რატომ დაიწყო გამოძიება და რა ფაქტები არსებობს, თუმცა, ვერაფერს მივაკვლიეთ“ – აღნიშნა ადვოკატმა.

კახაბერ შინჯიაშვილის განცხადებით, პატიმრების კოლექტიურ საჩივარს 40-მდე ადრესატი ჰყავდა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, ამ დრომდე, სახალხო დამცველის აპარატის გარდა არავინ გამოხმაურებია, რომელმაც საქმეზე მოკვლევა დაიწყო. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ადვოკატმა გაამახვილა ყურადღება, პატიმრების ერთი ქალაქიდან მეორეში, საცხოვრებელი ადგილიდან შორს გადაყვანაა.

„პატიმრებს აშინებენ, რომ ხმა არ ამოიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელს უმძიმებენ და უმატებენ. ამ შემთხვევაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაახლოებით 1 წელი აქვს დარჩენილი. ვითხოვთ, ყველა პატიმარი დაკითხონ, ვისაც საჩივარზე ხელი აქვს მოწერილი და გამოძიება 378-ე მუხლით კი არა, მათი უფლებების შელახვის კუთხით დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ არც მარსაგიშვილი და არც ვარდუაშვილი ბათუმელები არ არიან, ერთი რუსთაველია და მეორე თბილისელი, ისინი ბათუმში მოათავსეს, შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს და ათზე ზეწოლა ახლაც ხორციელდება. ვითხოვთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას, პატიმრები ხმის ამოღებისთვის და უფლებების დაცვისთვის უფრო მეტად არ დაისაჯო“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატმა სახალხო დამცველის ოფიციალური წერილიც წარმოადგინა,რომელიც პატიმარმა ოფიციალურად მიიღო. წერილში საუბარია, რომ ბათუმის N3 დაწესებულებაში მთელი რიგი დარღვევები არსებობს და ეს ომბუცმენის საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა. წერილში ასევე საუბარია, რომ პატიმრების საჩივართან დაკავშირებით მოკვლევაც დაიწყო.

მსგავსი თემები