“თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, ბოქლომი უნდა დაედოს, თუ დამტკიცდა, მაშინ კარგი და პროგრესულია – ეს ორმაგი მიდგომაა“ – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ორმაგ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

„საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იღებს პარლამენტი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა და იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ცუდია და სახლში უნდა წავიდეს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა – ეს არის ორმაგი მიდგომა“,-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით, ივნისში, პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივის გამოცხადებას პროტესტი არ დაუსრულებია და პროტესტი დარჩა მანამ, სანამ ოპოზიციური პარტიების რესურსი ბოლომდე არ ამოიწურა.

„რომ არ მომხდარიყო 20 ივნისი, ყველამ იცოდა თუ არა ამ საზოგადოებაში, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო? მაშინ მივიჩნიეთ, რომ ოპოზიციის მოქმედებები იყო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გადავდგით ნაბიჯები. პოსტი დატოვა კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა პარლამენტში მიღებული. თუმცა, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, საბოლოო ჯამში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოშიც, იღებს პარლამენტი, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებას ან კანონის შეცვლას ეხება“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები