თუ მან რაიმე მსახურება ჩაატარა, განკვეთავენ. განხეთქილებაში მყოფი, სისხლით ვერ ჩამოიბანს ცოდვებს და სამოთხეში ვერ მოხვდება“ – დეკანოზი მეუფეზე

„მეუფე პეტრეს არ აქვს უფლება, აკურთხოს ვინმე მღვდლად; არ აქვს უფლება, ჩაატაროს წირვა, აკურთხოს ხატი, მონათლოს ბავშვი, აკურთხოს მარილი, არაფრის უფლება არ აქვს“, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და მეუფე პეტრეს მიმართა.

„ჩვენ, ქრისტიანები, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ სინოდის განჩინებას. სინოდის განჩინება მეუფე პეტრესი შემდეგია: მას გაჩერებული აქვს მღვდელმთავრობა, მას შეუნარჩუნეს მისი წოდება მიტროპოლიტობა და მისცეს დრო სინანულისათვის. ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება ამას კომისია და წმინდა სინოდი გადაწყვეტს. წესის მიხედვით, ის უნდა დაემორჩილოს სინოდს, წავიდეს მონასტერში და საკუთარი თავისთვის შეასრულოს სასჯელი. მან, ამ ხნის განმავლობაში, არაფერი უნდა გააკეთოს. თუ არ დაემორჩილება განხეთქილებაში იქნება. დასაკარგი ადამიანი არ გვყავს. თუ მან რაიმე მსახურება ჩაატარა მას განკვეთავენ“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარმა.  

დეკანოზის თქმით, თუ სასულიერო პირი ეკლესიას არ ემორჩილება, ეს განხეთქილებაა.

„ეკლესია ერთია. სულიწმინდის მადლი ეკლესიაშია. ვინც ეკლესიის სულიწმინდის მიერ დადგენილ ეკლესიას აღარ დაემორჩილება ესაა განხეთქილება. განხეთქილებაში მყოფი სისხლით, ვერ ჩამოიბანს თავის ცოდვებს. განხეთქილებაში მყოფმა კაცმა რაც არ უნდა სათნოებით იცხოვროს, ვერცერთი მათგანი სამოთხეში ვერ ხვდება რადგანაც არიან სულიწმინდის მგმობელები. ვინც განხეთქილებაში მოხვდება, ეკლესია ამბობს რომ სისხლს ვერ ჩამოიბანს და ჯოჯოხეთში მოხვდება“ – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები