“თუ ლარის კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია 7%-ით განისაზღვრება” – “თიბისი ბანკის” მაკროეკონომიკური მიმოხილვა

“თიბისი ბანკმა” სექტემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, აშშ დოლარი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, დოლარის გამყარება ლარის სადღეისოდ არსებული სისუსტის მხოლოდ მცირე ნაწილის ამხსნელი ფაქტორია.

“ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის ინფლაციაზე ზეწოლის გათვალისწინებით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, ასევე გაცხადდა, რომ ინფლაციის მოთოკვისათვის სხვა ნაბიჯებიც იქნება გადადგმული. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემდგომი აწევისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, შიდა მოთხოვნაზე და ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, თიბისი კვლევების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამას სასურველი შედეგი – ლარის ეფექტური და ასევე აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის გამყარება მოჰყვა, ჯამურად ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ეფექტი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მართალია პოლიტიკის გამკაცრება შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ლარის აშშ დოლარის მიმართ გამყარებას საპირისპირო ეფექტი ექნება, რაც ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობების რამდენადმე მაინც გაუმჯობესების შედეგი იქნება”, – ნათქვამია კვლევაში.

მსგავსი თემები