“თუ თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს წევრად ან თავმჯდომარედ აირჩევენ, ეს იქნება დარტყმა იურიდიულ საზოგადოებაზე” – კახა წიქარიშვილი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ალექსანდრე ბარამიძე და კახა წიქარიშვილი მიიჩნევენ, რომ გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრად არჩევა, საქართველოს იურისპრუდენციას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაეს სასამართლოში, ყალბი დიპლომის მქონდე მოსამართლე წევრის არსებობა, ეჭვქვეშ დააყენებს სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

“თადუმაძესთან დაკავშირებით გარკვეულია ყველაფერი. ამ კაცს წარმოდგენილი აქვს დიპლომი, რომელიც შეიცავს, არასწორ მონაცემს. ამ კაცს, მისივე აღიარებით, არ აქვს წარმოდგენილი ნამდვილი დიპლომი. იურიდიული ფაქტის ამსახველი მონაცემით, როდის დაიწყო ამ კაცმა სწავლა უნივერსიტეტში არასწორი და ყალბია.  ეჭვქვეშ დადგება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რადგან უზენაეს სასამართლოს წევრი იქნება ის ადამიანი, რომლის დიპლომის ნამდვილობა დგას ეჭვქვეშ. ეს საერთოდ ძირს უთხრის ნებისმიერ ლეგიტიმურობას უზენაესი სასამართლოსი,” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარის, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, შალვა თადუმაძისთვის დოკუმენტის სიყალბე არაფერს ნიშნავს, რაზეც მისი დიპლომი მიუთითებს.

“თუ თადუმაძე აირჩევა უზენაესი სასამართლოს წევრად და კიდევ უარესი, თუ ის აირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ეს იქნება დიდი დარტყმა იურიდიულ საზოგადოებაზე. წარმოიდგინეთ, ადამიანს, რომელსაც არასწორი თარიღით მითითებული დიპლომი აქვს, მიიჩნევს, რომ ნორმალურია.  მომავალში, თუ ასეთი უზენაესი სასამართლოს წევრი გვეყოლება, რომელიც მიიჩნევს, რომ დოკუმენტური სიყალბე ნორმალური ფენომენი და მოვლენაა, რა მოუვა საქართველოში კანონის უზენაესობას, იურისპრუდენციას, სამართლებრივ კულტურას და ა.შ,” – განაცხადა კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები