„თუ ევროპა მხოლოდ ლგბტ-თა დაცვაა, არ გვინდა ასეთი ევროკავშირი“ – სასულიერო პირი

„ეკლესია ვერასოდეს შეეგუება ქუჩაში ლგბტ ადამიანების ზნეობის აფიშირებას, დეკლარირებას, დემონსტირებას და მოწოდებას – “გაფერადდი”, “გახდი ჩემნაირი”. ამ ლოზუნგების სააშკარაოზე გამოტანა მიუღებელია“ – განცხადება სექსუალური უმცირესობების მხრიდან დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ მამა დავით ლასურაშვილმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, ზნეობასთან დაკავშირებით, ევროპულ სახელმწიფოებს ერთგვაროვანი მიდგომა არ გააჩნიათ, ყველა სახელმწიფო ერთნაირი არ არის. შესაბამისად, ყველა ქვეყანამ საკუთარი ზნეობით უნდა იმოქმედოს.

„ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ თქვენ არაერთგზის ნახავთ, რომ არ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული ზნეობრივი ერთგვაროვნების ევროპული მოდელის რასა. ჩვენ ევროკავშირის წევრი არ ვართ და თუ ასეთია ევროკავშირი, რომელიც მხოლოდ ლგბტ-თა უფლებების დაცვას გვავალდებულებს, მაშინ არც მინდა, რომ ევროკავშირის წევრი ვიყო. ევროპა და ევროპელობა მხოლოდ ლგბტ პირების უფლებების დაცვაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული ისე, რომ უმრავლესობის უფლებები ფეხქვეშ გაითელოს. ამას არ ჰქვია“ – აღნიშნა მამა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ეკლესია სექსუალური უმცირესობების ზნეობის აფიშირებას არასდროს შეეგუება: „ჩვენი თხოვნა, მოთხოვნა და ამ ქვეყნის ტრადიცია ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაწყებული ჩვენი სახელმწიფოს მეთაურებით, გაგრძელებული იმ ადამიანებით, რომლებიც ასე ძლიერად ცდილობენ საკუთარი იდეოლოგიისა თუ საკუთარი ცნობიერების ნაყოფის ჩვენს თავს მოხვევას. გაკვეთილები უნდა მივიღოთ იმით, თუ რა ხდება მსოფლიოში. ყველაფერი ხელისგულზე დევს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ერის და ღვთის წინაშე და იმ ადამიანების წინაშე, რომ მართლმადიდებელთა პოზიციები ყოველთვის გავაჟღეროთ. ეკლესია ვერასოდეს ვერ შეეგუება ქუჩაში ლგბტ ადამიანების ზნეობის აფიშირებას, დეკლარირებას, დემონსტრირებას და ლოზუნგებს: “გაფერადდი”, “გახდი ჩემნაირი”.

მსგავსი თემები