თუ გაზის შემოწმებისთვის მისულებს კარს არ გაუღებენ, საქმეში პოლიცია ჩაერთვება

მაცხოვრებელი, რომელიც გაზის ქსელის შემოწმებას თავს აირიდებს და წარმომადგენლებს კარს არ გაუღებს, საქმეში პოლიცია ჩაერთვება და ბინაში იძულებით შევლენ. ეს ერთ-ერთი რეგულაციაა, რომლის საკანონმდებლო დონეზე ინიცირება მიმდინარე წელს მოხდება. მსგავსი სანქციის ამოქმედება კი განაპირობა არსებულმა მოცემულობამ, რომლის მიხედვითაც, გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებს, მოსახლეობის ნაწილი კარს არ უღებს და სახლში არ უშვებს.

როგორც ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ლიცენზირებუ კომპანიის წარმომადგენელს,  ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, შეეძლება პოლიციას მიმართოს.

“პირველი, რაც ძალაში შევა იქნება პოლიციის ჩართულობა ისეთ შემთხვევებთან მიმართებაში, როდესაც მოქალაქე ცდილობს, თავი აარიდოს ლიცენზირებული კომპანიის მიერ შემოწმებას და ნებაყოფლობით არ ხსნის კარს. დღეისათვის, იძულების გამოყენების ღონისძიების შესაძლებლობა კომპანიას და პოლიციას არ აქვს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა არსებობს მყისიერი საფრთხის მოლოდინი, დასაბუთებული ეჭვი, რომ სახლში რაღაც ფეთქდება და უნდა შეხვიდე, რაც არაბუნებრივია. პოლიციის ჩართულობა იქნება პირველი ცვლილება, რაც ძალაში შევა. კომპანიას, ნებისმიერი მოთხოვნის საფუძველზე შეეძლება მიმართოს პოლიციას და პოლიციამ გაახსნევინოს კარი,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.”

პოლიციის ჩართულობის გარდა, ქსელების შეუმოწმებლობის შემთხვევაში, შემოდის საჯარიმო სანქციებიც, რომელიც, პირველ ჯერზე 50 ლარი იქნება და ყოველ შემდეგ ჯერზე გაიზრდება.

მსგავსი თემები