“თუ ამას დათმობ, სხვა დათმობაზე წასვლაც მოგვიწევს” – მირიან წიკლაური დავით გარეჯზე

“ეს საქართველოს ტერიტორიაა, ცალსახად, ეს არის ქართული, მართლმადიდებლური კულტურის ძეგლები” – მირიან წიკლაური საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფრთხილ და აქტიურ მოქმედებებზე საუბრობს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არ არის საკითხი, რომელზეც ოდნავ დათმობა და უკან დახევა შეიძლება.

“იქ უამრავი ქართველი წმინდანი მოღვაწეობდა. იქ მოღვაწეობდა საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი, ასურელ მამათაგანი, იქ მოღვაწეობდა 6 ათასი ბერი, რომლებიც, შემდეგ მოწამეობრივად აღესრულენ. ამიტომ, ამ მიწასთან ქართველი ერი ხორციელად არის დაკავშირებული და ჩვენ, მის დათმობას არ ვაპირებთ. თუ ამას დათმობ, სხვა, ძალიან ბევრი რამის დათმობაც მოგვიწევს” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ პრინციპულად და ფრთხილად უნდა იმოქმედოს: ” საჭიროა სიფრთხილე, სიმშვიდე იმიტომ, რომ ფაქიზი თემაა, პოლიტიკური მდგომარეობა არის ისეთი, რომ გვიბიძგებს სიფრთხილისკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პრინციპები უარვყოთ, ჩვენი ინტერესები უკუვაგდოთ, არ გავითვალისწინოთ და რაიმე დავთმოთ. დიახ, ფ​რთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ერის ინტერესები”

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკითხი, მეზობელმა სახელმწიფოებმა სამართლიანობის პრინციპით უნდა განიხილონ და არა ისე, ვის რა აწყობს.

“ეს საკითხი განხილული უნდა იყოს არა იმ თვალსაზრისისთვის რა აწყობს და როგორ აწყობს და რა უფრო მომგებიანი იქნება. განხილული უნდა იყოს ისე რა არის სამართლიანი, რა არის სიმართლე ისტორიული და იმის მიხედვით უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ჩვენი ინტერესები არ უნდა იქნეს შელახული, პირველი რიგის ამოცანა ეს უნდა იყოს. დიახ ჩვენ ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ, ერთმანეთს ჩვენი პრეტენზიებიც უნდა წარვუდგინოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საომარ მოქმედებაზე გადავიდეთ. ხელისუფლება იქცევა ფრთხილად, თუმცა, ვხედავდი, როგორც წინა ხელისუფლებისაგან, ის ამ ხელისუფლებისაგან ერთგვარი სისუსტის გამოვლენას. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ რაღაცა დაგვაკლდება, აი, ეს რომ არ დავთმოთ, სამაგიეროდ სხვა რაღაცაში დავზარალდებით და ა.შ. ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომა არასწორია. უნდა გაკეთდეს ის,რაც სამართლიანი და მართალია. სამართლიანობა წამგებიანი ვერ იქნება” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები