თუშეთში, ხევში გადაჩეხილებს ამ დრომდე ეძებენ, გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი

თუშეთში, უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო და თბილისიდან დამატებითი ჯგუფებიც გაემგზავრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევია ერთ-ერთ მიზეზად მძღოლის მხრიდან საჭის დაუმორჩილებლობა სახელდება.

„ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტო საგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, – ვკითხულობთ  შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უბედური შემთხვევის  დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  დანარჩენი მგზავრების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში სავარაუდოდ 12 მგზავრი იმყოფებოდა.  ავტომანქანა ხევში, დაახლოებით 400 მეტრ სიღრმეში გადავარდა.

მსგავსი თემები