თურქეთი ამერიკულ შეიარაღებას რუსულს ამჯობინებს – C-400-ის ახალ პარტიას ანკარა ივლისში ელოდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C – 400 -ის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ანკარამ შესაძლოა, ასევე, C-500 -იც შეიძინოს. C-400-ის ახალ პარტიას თურქეთი უკვე ივლისში ელოდება.

როგორც ერდოღანმა ტელეკომპანია “24 TV”- ის ეთერში განცხადა, C-400 -ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, საკრედიტო პირობებით დაწყებული ერთობლივი წარმოებით დამთავრებული ყველაფერი განხილული და შეთანხმებულია, დოკუმენტები ხელმოწერილია.

“უკან დახევა შეუძლებელია. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა”, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. 

აღსანიშნავია, რომ ანკარამ და მოსკოვმა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C – 400 -ის შეძენაზე 2017 წელს, 2,5 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმეს, რასაც აშშ-ს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ვაშინგტონმა არაერთგზის მოუწოდა თურქეთს, როგორც ნატო-ს მოკავშირეს, უარი ეთქვა რუსულ შეიარაღებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების შემოღებითა და მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-35 -ის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

ერდოღანის თქმით, თურქეთმა აშშ-სთან განიხილა სისტემა “პეტრიოტის” შეძენის საკითხი, მაგრამ ამერიკული მხარის პირობები ანკარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.  

“ჩვენ მათ ვუთხარით: თუ შეგიძლიათ მოცემა – მოგვეცით. ერთობლივი წარმოება, ტექნოლოგიების გაცვლა – მიუღებელი წინადადებაა. გამოდის, რომ “მოგცემთ, მაგრამ გასაღები ჩვენთან დარჩება”. დიდი ბოდიში, მაგრამ საქმე ასე არ გამოვა”, – ერდოღანის სიტყვებს РИА Новости ციტირებს. 

ექსპერტების ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-500 -ის რაკეტები 600 კმ-ის მანძილზე ვრცელდება, რაც C-400 -ის სისტემის შესაძლებლობებს 200 კმ-ით აღემატება. იმავდროულად, ახალ სისტემას შეუძლია ერთდროულად 10 -მდე რაკეტა გაანადგუროს, რომლებიც დაახლოებით 6,5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ.   

თარგმანი – შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები