„თუნდაც დავპირდე, აუცილებლად წავიღებ უკან, თუ ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი“ – დიმიტრი ხუნდაძე

 
„მიუხედავად  სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია“, აცხადებს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
 
დეპუტატის  თქმით, კომპრომისი გაცემული იყო 2024 წლისთვის, მხარი დაუჭირა რა პარლამენტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, რადგან, ამ პერიოდში, თვითმმართველობა მოძლიერდებოდა და დამატებითი რგოლი – მაჟორიტარი არ გახდებოდა საჭირო.
 
მისივე თქმით, გუნდთან უთანხმოება კი ჰქონდა, მაგრამ მეორე კომპრომისზეც დათანხმდა – პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოტანისთვის: „გუნდის წევრებისგან  იყო საუბარი, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, დამშვიდდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ქუჩა, აურზაური აღარ იქნებოდა, თუმცა რა მივიღეთ შემდეგ? მივიღეთ ის, რომ ეს  ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში განმეორდა და, საბოლოოდ, საპატრიარქოს მიადგნენ. ამ არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, უფრო მეტად კი დესტრუქციულთან შეთანხმება  შეუძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
 
პარლამენტის წევრის შეფასებით, არ შეიძლება მუდმივად იმაზე აპელირება, რომ იყო დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.
 
„დავპირდი და შევპირდით არაა პასუხი? ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და თუ რეალურად რისკები არსებობს, თუნდაც დავპირდე, აუცილებლად  წავიღებ უკან, თუ კი მე  ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი, ანდა სად ვიქნები  – პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს და არა ის დავპირდი თუ არ დავპირდი“, – განაცხადა მან და ოპოზიციას, განსაკუთრებით კი საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. 

როგორც ხუნდაძემ  აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მხარდამჭერებს „ყველაფერი სიკეთე, შენებაც კი ნგრევად აქვთ გამოცხადებული, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც კი თავს დაესხნენ, როცა მათ ჰქონდათ საყოველთაო  საპატიმრო პროგრამა, თურმე ის სჯობდა მაინც ამას. არ შეიძლება, შავი თეთრად წარმოაჩინო, ან კიდევ როცა თეთრია, ის გააშავო, რეალობას არ უნდა გავცდეთ, აი ეს რეალობა მაშინებს – ოპოზიციური სპექტრი, ეს პარტიული სპექტრი  მაშინებს, არ შეიძლება,  ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი“.
 
 
 

მსგავსი თემები