თსუ-ს რექტორმა, საკუთარი წიგნი უნივერსიტეტს 24 000-ად აყიდინა – ფაქტზე, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

უნივერსიტეტის საქმიანობით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს. საუბარია ლადო პაპავას წიგნზე, რომელიც თსუ-ს ლექტორმა პაპავამ უნივერსიტეტს 24 000 ლარად აყიდინა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისივე რექტორის წიგნები 23 829.13 ლარად შეიძინა.

ანგარიშის მიხედვით, თსუ-ის ადმინისტრაციამ შესაბამისი ბრძანებები 2014 წელს გამოყო, ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა იყო (2013-2016).

“თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23 829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ-ის ბიბლიოთეკაში განთავსება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, წიგნები უნივერსიტეტმა რექტორის ინიციატივით შეიძინა.

“ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს”, – ვვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში განმარტებულია, რომ შესყიდვები კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა. კერძოდ, შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი(რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers.

ასევე, ანგარიშის მიხედვით შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.

მსგავსი თემები