თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართა

თორაძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თორაძეების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თამარ თორაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და იმყოფება აშშ-ში, შესაბამისად გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა. კონკრეტულად კი, საუბარია ამერიკაში მცხოვრები თამარ თორაძის დაკითხვაზე. თამარ თორაძე ოჯახის წევრების მკვლელობაში გიორგი რურუას ადანაშაულებს. საუბარია 1992 წლის მარტში მომხდარ მკვლელობაზე, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამასთან, თამარ თორაძემ 14 მაისს სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა.

საქმის გამოძიების მოთხოვნით თამარ თორაძემ 17 მაისს ვიდეომიმართვაც გაავრცელა „ფეისბუქ“ გვერდზე, სადაც ამბობს, რომ მან პროკურატურას განცხადებით მიმართა ოჯახის წევრების მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ამავე ვიდეო მიმართვაში გენერალური პროკურატურის გარდა თამარ თორაძე პრეზიდენტს და მთავრობასაც მიმართავდა.

მსგავსი თემები