თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გიორგი გახარიას ჯალათი უწოდა

„რატომ გამოიყენეთ ეს ტყვიები, რომლებსაც მხოლოდ ცხოველებზე იყენებენ? ცხოველებად აღიქვამთ საკუთარ მოქალაქეებს? გავეშებული რატომ დასდევდით ქუჩებში, სკვერებში, ბავშვებს, რომელსაც არანაირი საფრთხე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ პოლიციელების ან სახელმწიფოს მხრიდან“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატ გიორგი გახარიას და მას ჯალათი უწოდა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლო და ყველა უწყება ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაშია. „ჩვენ გვიწევს ჯალათ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს“ – განაცხადა ბოკუჩავამ პარლამენტში.

რაც შეეხება მის კითხვებს პრემიერობის კანდიდატის მიმართ, შემდეგია:  ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიამ თუ ანზორ ჩუბინიძემ დავალებით?  რატომ გამოიყენეს აქციის დასარბევად აკრძალული ტყვიები? რატომ ესროდნენ პოლიციელები ადამიანებს დამიზნებით, სახის არეში?

„ბატონო გიორგი, ადამიანურად მაინტერესებს, თქვენ რას გრძნობთ, როდესაც თქვენი ქვეყანა სკანდირებს, რომ „გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან“. რას გრძნობთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ადამიანი? – ასე მიმართ თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

მსგავსი თემები