“თითქოს ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და ამიტომ აგრძელებს სახელმწიფო ვადას, ტყუილია” – მამუკა ხაზარაძის განცხადება

“დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე „ანაკლიის კორპორაციის“ მიმართ ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ ეს არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა”, – ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაზარაძის შეფასებით, ეს არის მოსახლეობისა და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც უკვე წელიწადნახევარია ხელისუფლება, მისი სხვადასხვა უწყება ინტენსიურად აკეთებს.

“15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მაყურებელს, რომ მე და ბადრი ჯაფარიძემ შეგნებულად დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორებისა და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე და იცით, რომ პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის. სამწუხაროდ, გუშინ პრესკონფერენციაზე მოისმინეთ, რომ არათუ კონსტრუქციული დიალოგით, არამედ პრაქტიკულად ინვესტორების გაყრა მოხდა და შესაბამისად, ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას, არის ზუსტად იმ სცენარის გამეორება, რომელსაც ისინი პერიოდულად მიმართავენ. თითქოს ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და თითქოს სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს, არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ნებისმიერი ამბიცია გადადონ გვერდზე, თუ სურთ, ანაკლიის პროექტი განხორციელდეს. 

“გამოსავალი არის ერთადერთი – მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული. არათუ გაუარესებული, ციფრებით თუ შევხედავთ, 54 პროცენტი არის ვარდნა წლევანდელ წელს საგარეო ინვესტიციებისა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი, დაიწეროს სერიოზული წერილი, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, ასევე ნიუ-იორკში, ჰოლანდიაში, დაარწმუნონ ეს კომპანიები, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ ანაკლიაში. ეს იქნება მკაფიო პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან, რომ პროექტი გაგრძელდეს. ესაა ბოლო შანსი, გადავარჩინოთ ეს პროექტი გაჩერებას”, – განაცხადა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს რამდენიმე საერთაშორისო დონის ინვესტორი, რომლებიც მზად არიან, დაამთავრონ ანაკლიის პროექტი. მისი თქმით, კომპანია მზადაა, ძალიან კონსტრუქციულად გააგრძელოს ხელისუფლებასთან დიალოგი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გამოავლენს თავის ძალიან მკაფიო ნებას.

“საჭირო იყო მარტივი წერილი, ახლა ესეც არ შველის, საჭიროა მკაფიო გარანტია, კონკრეტულ ადრესატებზე, რომლებიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ. მხოლოდ ასე შიძლება ეს საკითხი მოტრიალდეს და ანაკლია აშენდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, გუშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა.

მსგავსი თემები