თითოეული მოქნეული ხელი სამართლებრივად შეფასდება და ყველას მოეთხოვება პასუხი – შს მინისტრი 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მადლობა უხდის თითოეულ პოლიციელს და ჰპირდება, რომ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარი ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

როგორც გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია.

“დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა ქმედება, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომლებიც იყო განხორციელებული, სხვადასხვა წერტილებში სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა შესაბამისი პასუხი მოეთხოვება. მე ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელისა თუ მოქალაქის გამო, განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად თავისუფალი და ეს არაერთხელ დადასტურებულა.

“დღეს, დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ, საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, დიდი რაოდენობით სტუმრებით და სპეციალური მარშრუტები იყო განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ გარემოში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი თემები