თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე ზრუნვის და ოჯახების კეთილდღეობის სულისკვეთებით – ირაკლი კობახიძე

„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო.

ამ ხნის განმავლობაში პარლამენტმა 705 კანონი მიიღო, მათ შორის, 294  პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ იყო ინიცირებული. “თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა და რომლის შედეგადაც, ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი შეიქმნა.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებას ადასტურებს ვენეციის კომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად: “საკონსტიტუციო რეფორმამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესი და ის ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმული დადებითი ნაბიჯია, ეფუძნება რა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებული საპარლამენტო მმართველობის მოდელმა  საქართველოს პარლამენტისრეგლამენტის ახლებური გააზრება მოითხოვა, რაც, მისი შეფასებით, საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენდა.

„პარლამენტმა ამ რთულ ამოცანასაცღირსეულად გაართვა თავი და შექმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი. შედეგად,კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წელს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი მასშტაბური ამოცანა იყო საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია, რაც პარლამენტმა წარმატებით განახორციელა.

მსგავსი თემები