“თიბისის” საქმეს ხელს კვალიფიციური გამომძიებლები თუ მოჰკიდებენ, გამოძიება შესაძლებელია – კობა ნარჩემაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი მხარს არ უჭერს, “თიბისი ბანკის” საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას და მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი და სამართლებრივი ბერკეტები საიმისოდ, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.  

როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “თიბისის” საქმეს ხელს კვალიფიციური გამომძიებლები თუ მოჰკიდებენ, გამოძიება შესაძლებელია.

მისივე თქმით, გამოძიებას ჯერჯერობით არ აქვს წერილის დედანი, რომელიც ბევრის გარკვევის საშუალებას იძლევა. საუბარია “თიბისი ბანკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ გასაჯაროვებულ მუქარის წერილზე, რომელიც, მისივე თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.  

“წერილი უნდა ჩამოვიდეს. მისი ექსპერტიზა იძლევა ძალიან ბევრის საშუალებას გამოძიებისა და კონკრეტული პირების იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ჩასატარებელია ექსპერტიზები. არსებობს სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალი. თუ დავინახავ, რომ გამოძიება კვალიფიციურად არ მიდის, მეც ვიტყვი ამის შესახებ, მაგრამ მათ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ იმავდროულად დავაწესოთ მკაცრი კონტროლი”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, საზოგადოებას დღეს, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ რწმენის განმტკიცება სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ხშირად, ძალოვანი უწყებები, თავიანთი მოქმედებებით, თვითონვე უწყობენ ხელს საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის დაკარგვას.

​”რამდენი რეზონანსული საქმე იქნება, ოპოზიციას ყოველთვის აქვს თავისი დღის წესრიგი. ისინი ითხოვენ საგამოძიებო კომისიას და მათთვის ეს მომგებიანია. გამოძიების საჯარო სივრცეში გატანით მათ საკუთარი მიზნების აქვთ, რადგან საგამოძიებო კომისიას, თავის მხრივ, არ აქვს ის ბერკეტები და მექანიზმები, რომლებიც საჭიროა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს აქვთ რესურსი და მე მათ მოვუწოდებ, ეს რესურსი სრულად გამოიყენონ, დაადგინონ პირთა წრე, საგამოძიებო მოქმედებები სწორად წარმართონ, ჩაატარონ ექსპერტიზა და საზოგადოებას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია, ყველა ეჭვი გაიფანტოს და გამოჩნდეს სიმართლე. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ამ ნდობის გაძლიერებას ხელი უნდა შევუწყოთ”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.  

მსგავსი თემები