თვითმკვლელობის მაჩვენებელი მოზარდებში 20%-ით გაიზარდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა და ამ პრობლემას სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. საჭიროა ამაღლდეს სახელმწიფოს, ოჯახის, მასწავლებლების პასუხისმგებლობა და მოზარდების ცნობიერება.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის ძალიან მრავალი ფაქტი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. ძალადობა საკმაოდ გახშირებულია და ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია“ – აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში. მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწროვების ფაქტების. ფაქტობრივად არ არსებობს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი.

“სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლემას ადასტურებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები