“თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური” – უშგულში, პროტესტის ნიშნად, გზები გადაკეტეს

“მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ამ წუთებში გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს, ვინაიდან საგანგაშო მდგომარეობაშია კოშკებისა და მაჩუბების 90%, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ”, – ამ ინფორმაციას ქართველი რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი ავრცელებს.

მისი თქმით, ორი წლის წინ, უშგულში მე-8 საუკუნის კოშკი დაინგრა და იგივე განმეორდა რამდენიმე კვირის წინაც. 

“თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რითიც ჩვენ ვამაყობთ და რის გამოც ათი ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში. თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია. ვტირი და მტკივა თითოეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი, რომლებიც ჩემი ბავშვობისა და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია. 

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ვისაც კი ჩვენ სამშობლოზე შეგტკივათ გული, დაგვიდეგით გვერდში!”, – წერს ხაჭვანი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები