თელავში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სიმულაციური სწავლება გაიმართა

ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თემაზე თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და უშუალოდ სასტუმროს თანამშრომლები დაესწრნენ.

ტრენინგის დროს, აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ნარჩენების დახარისხებული შეგროვების საჭიროება და მნიშვნელობა, დახარისხების წესები, და სხვ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დახარისხების პრაქტიკული დემონსტრირება – მონაწილეებმა თავად დაახარისხეს ნარჩენები და განათავსეს ისინი შესაბამის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ურნებში.

ტრენინგი გაიმართა პროექტის “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს შპს “ეკოლაიფი” კახეთის 4 მუნიციპალიტეტში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ამ მიზნით „ეკოლაიფი“  სამიზნე მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილას განათავსებს დახარისხებული ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილ ურნებს. ურნებში შემგროვებელი ნარჩენების გადაცემა მოხდება შესაბამისი გადამამუშავებელი კომპანიებისათვის. 

პროექტის “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ მიმდინარეობს WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN USAID-ის მხარდაჭერით.

მსგავსი თემები