თელავში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, 30 ნოემბერს 15:00საათზე,  მუსიკალური საღამო – “კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეგობართა კლუბის დაარსება. სპეციალურად საღამოსთვის, ნაჩვენები იქნება ნინო ახვლედიანის დოკუმენტური ფილმი – “სიმფონიეტა 10”.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1927 წელს დაარსდა, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდები განყოფილებები.

მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIX-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

მსგავსი თემები