თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, დაშავებულს აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თავის დამწვრობა, ასევე ზედა კიდურების დამწვრობა.

„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 77 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით. სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა. აღენიშნება 35 პრეოცენტი, მეორე-მესამე ხარისხი. დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური, გულმკერდი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან ხუთ ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ, დანარჩენებს კი ალტერნატიული წასასვლელი აქვთ.

„ამ ეტაპისთვის პირველ სადარბაზოში, სადაც მოხდა აფეთქება, თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობს და რა თქმა უნდა არცერთ მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ. გათიშულია ყველანაირი კომუნიკაცია, დენი, გაზი, წყალი. ხუთი ოჯახი გადაგვყავს სასტუმროში, მხოლოდ ერთია დაზარალებული რომელიც დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, როდის შეძლებენ მაცხოვრებლები დაზიანებულ სადარბაზოში ნივთების ასაღებად შესვლას, ამის შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან მანამდე საფრთხის შემცველი ელემენტების ჩამოხსნა და მეოთხე სართულის ე.წ. დამჭერებით გამაგრება უნდა მოხდეს.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

მსგავსი თემები