თეა წულუკიანი: ბრალდებულთა რიცხვი ბევრად გაზრდილია

“მთლიანობაში, პატიმართა რიცხვის ზრდა არ ფიქსირდება. ამაზე ინფორმაციები იყო გავრცელებული და ეს არ შეესაბამება სიმართლეს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღესდღობით, სხვადასხვა მოთხოვნით 13 პატიმარი შიმშილობს, ბრალდებულთა რიცხვი კი ბევრად გაზრდილია, რაც სამართალდამცველი სტრუქტურების მობილიზებულ მუშაობას უკავშირდება.

„დღეის მდგომარეობით, 13 პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნით. 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, როდესაც ჩვენ გავერთიანდით, 9986 პატიმარი იყო სისტემაში. აქედან 8343 იხდიდა სასჯელს, ხოლო 1643 ბრალდებული იყო.

გუშინდელი მდგომარეობით, სისტემაში გვყავს 9870 თავისუფლებააღკეთილი პირი და აქედან მსჯავრდებული არის – 7933 . ბრალდებულთა რიცხვი არის ბევრად გაზრდილი -1937; თუმცა, მთლიანობაში, პატიმართა რიცხვის ზრდა არ ფიქსირდება. ამაზე ინფორმაციები იყო გავრცელებული და ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ზრდა გვაქვს ბრალდებულების ნაწილში და ღიად გეტყვით, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული დანაშაულთან ბრძოლაში“, – განაცხადა წულუკიანმა.  

მსგავსი თემები