თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ განხორციელებული პროცესები კამპანიურ ხასიათს ატარებს და ის რეალურ საფუძველს მოკლებულია.
როგორც ზვიად ძიძიგურმა დღეს, მედიაცენტრმთავარში” სტუმრობისას განაცხადა, იმას რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ედავებიან თეა წულუკიანს, არ არის სამართლიანი.

“ყველა ​​სასამართლო რეფორმა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გაატარა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში ცვლილებებია, მოსამართლეების უვადოდ არჩევა და სხვა ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. თეა წულუკიანი ერთ-ერთი იყო, ვინც ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეების უვადო არჩევას და ამ საკითხზე მის მიმართ პრეტენზიები გაუგებარია. თვითონ არასამთავრობიები აცხადებენ რომ ის მართლმსაჯულების სისტემა რომელიც 2012 წელს დაგვხვდა და დღეს გვაქვს სრულაიდ განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ამაში წულუკიანის დადანაშაულება არ არის სწორი. თუ რეფორმის სისწრაფე არ მოგწონს, აქ თეა წულუკიანის ბრალეულობა საერთოდ არ იკვეთება. ეს არის მიზანმიმართული კამპანია თეა წულუკიანის წინააღმდეგ”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კითხვაზე დარჩება თუ არა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, დეპუტატი აცხადებს, რომ ეს საკითხი არც მისი და არც არასამთავრობო ორგანიზაციების გადასაწყვეტი არ არის.

“არასამთავრობოების საქმე არ არის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, ეს პოლიტიკური პარტიების მსჯელობის საგანია. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მთავრობასთან ოპონირების რეჟიმში იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს კანონმდებლობა და ის გარემო, რომელშიც ამ კანონმდებლობამ უნდა იმუშაოს. ჩემის აზრით, არასამთავრობოები აკნინებენ მესამე სექტორის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, როდესაც პოლიტიკაში ერევიან”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მისივე თქმით, თეა წულუკიანის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს.

მსგავსი თემები