თბილისში 20 000 ძირზე მეტი ხე მოიჭრება

დედაქალაქში დღეიდან სანიტარული ჭრები იწყება. თბილისში, 20 000 ძირზე მეტი დაავადებულ და ხმობად ხეს მოჭრიან. ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

პირველ ეტაპზე ჭრები, ცენტრალურ უბნებში – კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება, რომლის შემდეგ ის მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვები ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში არ იყო გაშენებული, რის გამოც, 1997-1998 წლებიდან მათი ინტენსიური ხმობა დაიწყო.

მათივე თქმით, ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

აღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ფიჭვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ეკოლოგიური პირობები დაირღვა, რამაც ფიზიოლოგიური პროცესებისა და გამძლეობის დაქვეითება განაპირობა.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

მსგავსი თემები