თბილისში ჯოვანი სკუდიერის  სახელობის ქუჩა გაიხსნა

მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში, ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.

ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე  არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა.

იტალიელი არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის წინაშე  ჯოვანი სკუდიერის დიდი დამსახურება აქვს, ძალიან ბევრი და ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა უკავშირდება მის სახელს, არა მარტო თბილისში, არამედ  საქართველოს მასშტაბით.

თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების ინიციატივით, თბილისის საკრებულოს იტალიის ელჩმა მიმართა. ანტონიო ენრიკო ბარტოლის თქმით, სასიხარულოა, რომ  თბილისობის დღესასწაულზე  ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა.

„ეს არის დიდი პატივი. ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა იმ ადგილას, სადაც მისი შემოქმედების ნაწილია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობებმა იცოდნენ, ვინ იყო ჯოვანი სკუდიერი,- განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

 

მსგავსი თემები