თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2 500 ძირი ბუჩქი დარგეს

თბილისის ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, კამპანია – “გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისის” ფარგლებში, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ძირი ბუჩქი (კვიდო, უთხოვარი, ფიტოსპორუმი, ფოტინია, წყავი, ბზა, ჭყორი) დაირგო. მოწესრიგდა სარწყავი სისტემა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, ბუჩქების გარდა, სამ მეტრზე მაღალი 6 000 ძირი ხე ირგვება.

გამწვანების აქციაში თბილისის მერი კახა კალაძე, მოქალაქეებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მონაწილეობდა.
მისი თქმით, ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება. გაზაფხულზე აქცია მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

“ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის პარკები, სკვერები, ახალი საქალაქო პარკების შექმნა. რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები, წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და პეკინის გამზირზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე გამწვანდა.

​მათივე ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, სულ 7 000 ბუჩქი ირგვება. მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქების სახეობები თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა.

​გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილეები – მაია ბითაძე და სოფიო ხუნწარია; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.

მსგავსი თემები