თბილისში ჭადრების შეწამვლა დაიწყო, ხეებს სოკოვანი დაავადება აქვთ

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული ჭადრები შეიწამლა. ხეებს სოკოვანი დაავადების ერთ-ერთი სახეობა, ანთრაქნოზი გამოუვლინდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, წამლობა პირველად განხორციელდა იტალიური ბორდოს 3%-იანი ხსნარით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა, მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში. სანიტარიული ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარიული კვლევის შედეგებს ეფუძნება.

მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 2 140 ძირი ჭადრის ხე შეიწამლა, ხოლო სულ 6 745 ძირი ჭადრის შეწამვლა იგეგმება – რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, რობაქიძის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, ბუშის ხიდიდან – აეროპორტამდე, მოსკოვის გამზირზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, შარტავას ქუჩაზე, ა. კალანდაძის ქუჩაზე, გ. ჭყონდიდელის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, აგლაძის ქუჩაზე, კანდელაკის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, ც. დადიანის გამზირზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ქეთევან წამებულის გამზირზე.

ფოტო ნათია ბერიძის

მსგავსი თემები