თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია – „დრონისა“ და „ქუჩის მუსიკის“ ორგანიზებით, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში, მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი მუსიკოსი წარსდგება.

მუსიკოსები, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციაა.

ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. მომდევნო წლებში, ფესტივალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველწლიურად  იმართება. საქართველოში ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2012 წლიდან ტარდება.

 

მსგავსი თემები