თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ფიქსირდება

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,
სააგენტო განაგრძობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. მყარი ნაწილაკების გადაჭარბება თბილისში და ქალაქ ქუთაისში დაფიქსირდა.

“მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.ქუთაისში 19 მარტს 1.3-ჯერ, ხოლო 20 მარტს – 1.6-ჯერ. ნორმაზე გადაჭარბება ასევე დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 21 მარტს 1.4-ჯერ, ხოლო 22 მარტს უმნიშვნელოდ. 23 და 24 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 მარტს ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ. ქუთაისში.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1,1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ,” – განაცხადეს სააგენტოში.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანი, VI მიკრორაიონი, N132-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, თიანეთის გზატკეცილი N56, N6-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, ხერგიანის ქ.N15ა, N115 საჯარო სკოლასთან; სოფ. გლდანი, N209-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

მსგავსი თემები