თბილისში მოძრავი კერძო ტაქსების რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი კერძო ტაქსების რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან  იწყება.  ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვა გაიცემა ერთი წლით,  M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ტაქსის მომსახურებაზე.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან; მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი; ტაქსის სალონში ან საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში.

ასევე, ნებართვის საბუთი ამობეჭდოს A5 ფორმატის ქაღალდზე და განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა და გადამოწმება მგზავრის და მაკონტროლებლის მიერ; უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით; მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალების სახურავის შუა ადგილას დაამაგროს ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი;  არ გადაიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრთა ტევადობაზე მეტი მგზავრი და ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ პირს მუშაობაში.

მათივე განმარტებით, კონტროლის განმახორციელებელი უწყება უფლებამოსილია, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას ან ნებართვის შეჩერებას.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს. ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში – 50ლარს, ხოლო  ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან  სრულად თავისუფალია.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მაძიებელი ავტორიზდება მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით; ავტორიზაციის შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით ელექტრონულად აწერს ხელს წესებს და პირობებს ID ბართის გამოყენებით, ერთჯერადად (ელექტრონული ხელმოწერა უნდა განხორციელდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, რომელიც 2018 წლის 1 ივლისიდან  ამოქმედდა).

ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების შემდეგ, გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს თბილისის მერიას და  რაიონულ გამგეობებს.
მისამართი: ჟ. შარტავას ქუჩა N7

ცხელი ხაზი: 272 22 22

ელ. ფოსტა: info@tbilisi.gov.ge

 

მსგავსი თემები