თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა გლდანში გზა დააზიანა

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ გზა დააზიანა. დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც გაუნადგურდა საშენი მასალა. მას მერი დახმარებას დაჰპირდა.

შემოვლითი გზით გიორგი წმინდას მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სარგებლობდა.
​კახა კალაძის ინფორმაციით, შემოვლითი გზის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია და დილისთვის დასრულდება. ხიდის სამუშაოებიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

“აქ მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. მცირე ზიანი იყო სხვადასხვა რაიონშიც, მათ შორის ისანში, გარდა ამისა, ისევ დაიტბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. კლდე ჩამოიშალა მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა იქაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები”, – განაცხადა თბილისის მერმა.

გლდანის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს, რაც პრობლემას მომავალში სრულად გადაჭრის.

მისივე ინფორმაციით, უხვმა ნალექმა გიორგი წმინდის ხევში მდინარის ადიდება გამოიწვია. ასევე, ზემოდან ჩამოსულმა ნიაღვარმა გზა დატბორა.

“სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილისთვის ყველაფერი წესრიგში იქნება. ასევე, უახლოეს პერიოდში დასრულდება ამ გზის სამუშაოები და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება”, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

დედაქალაქის მერთან და გლდანის გამგებელთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები – ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია.

მსგავსი თემები