თბილისში კიდევ 21 სპორტული მოედანი განახლდა

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, სალხინოს ქუჩაზე არსებულ სპორტულ კომპლექსს, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და რაიონის გამგეობის მხარდაჭრით, განახლებული მოედანი შეემატა. დასრულდა გამწვანების სამუშაოები, კეთილმოეწყო დასასვენებელი სივრცე.

დედაქალაქის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ, ზემო ჩუღურეთში მდებარე ორი ახალი სპორტული მოედანი დაათვალიერეს.

საკრებულოს წევრები ხუდადოვის ქუჩის N 173-შიც იმყოფებოდნენ. ტერიტორიაზე, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, დღეს, სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია თითქმის  დასრულებულია. დამონტაჟდა ფეხბურთისა და კალათბურთის კარები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვალა ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყო.

„ ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის განახლება პრაქტიკულად დასრულებულია. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ამ პრიორიტეტის აქტიური განხორციელება ჩუღურეთის რაიონში  წარმატებით მიმდინარეობს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ კი აღნიშნა, რომ რაიონის მაჟორიტარისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევა შთამბეჭდავია, რის შედეგადაც ჩუღურეთელებმა დამატებით 21 განახლებული მოედანი მიიღეს.

„გაწეული სამუშაოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მიმდინარე სამუშაოების მონახულებას და იმ გამოწვევებზე პასუხს, რაც თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება“,- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემაც მოინახულა.

მსგავსი თემები