თბილისის ქუჩები A,B,C კატეგორიებად დაიყოფა – ზონალური პარკირება

თბილისში ზონალური პარკირების თემაზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ და მათი რეკომენდაციები მოისმინეს.  

შეხვედრაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ.

თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა A,B,C კატეგორიებად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე დაწესდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოში განუცხადეს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის სქემა გააცნეს, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

​ბექა დავითულიანის განცხადებით, საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, MAN -ის ტიპის 90 ახალი ავტობუსი შევა ექსპლუატაციაში და მოხდება საპილოტე პროექტის მიმდებარე ტერიტორიის საჭირო რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთლიანად იზიარებენ მოსაზრებას, რომ ზონალური პარკირების სისტემის შემოღება აუცილებელია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან, სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

​არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომ გასათვალისწინებელია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც უკვე მოქმედებს ზონალური პარკირების სისტემა და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, მოსაზრებები ჩამოყალიბდა.

„პროექტის კონცეფციაზე ყველანი ვთანხმდებით. ამავე დროს, არის ბევრი ნიუანსი, რომლებზეც არასამთავრობო სექტორის პოზიცია მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია” , – განაცხადა შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

მსგავსი თემები