თბილისში ერთ-ერთ ისტორიულ სადარბაზოს რესტავრაცია უტარდება

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, დავით აღმაშენებელის გამზირის N93-ში მდებარე  მაღალმხატვრულ ისტორიულ სადარბაზოში არქიტექტურულ-სარესტავრაციოსამუშაოები მიმდინარეობს. სადარბაზოს 1905 წელს ცნობილი მხატვრებს, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მოუხატავთ.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ სადარბაზოს მაქსიმალურად შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და ღირებულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა  და ხის ნაკეთობების  გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობებისკონსერვაცია.

მათივე ინფორმაციით, მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტები, სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილი სველი წერტილების, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილი  კომუნიკაციებისა და დაზიანებული სახურავის შედეგად შეილახა.

სარესტავრაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა 35-მდე ისტორიული სადარბაზოს აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოებს ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი  შპს „რესტავრატორები და კომპანია“ ასრულებს.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირის N93-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე  დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

0 კომენტარი

მსგავსი თემები