თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 15 მილიონი ევრო გამოყო. თანხა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

საპროექტო წინადადებაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, კერძოდ, ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება (დაახლოებით 80 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა); თბილისის მყარი ნარჩენების (ლილოს) ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის (ლიჩეტის) სისტემის რეაბილიტაცია; ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და ნაგავმზიდი მანქანების გადაიარაღება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუხადეს, პროექტის მიზანია გაამჯობესდეს სოციალური გარემო და ეკოლოგიური მდგომარეობა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, საქართველოში 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევრო გამოყო, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორში.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას; დედაქალაქის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის შემუშავებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულები იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ექპერტები.

„ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი EBRD-ს, ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის, რომლის ფარგლებში დიდი ოდენობით განახლდება ის ტექნიკა, რომლითაც ქალაქი ემსახურება ნარჩენების დასუფთავებას. შეძენილი იქნება სრულიად ახალი დამგველი მექანიკური საშუალებები და ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა გადამტვირთი სადგურების რეაბილიტაციას. ეს EBRD-თან თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, რაც დიდწილად წაადგება ჩვენს ქალაქში სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვას“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

პროექტის მნიშვნელობა პოზიტიურად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორმაც. ბრუნო ბალვანერას თქმით, ხელშეკრულება მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

„ხელი შეეწყობა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების დახარისხების შესაძლებლობების მოდერნიზებას, გადამუშავებასა და მართვას. ეს გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხანგრძლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკს, ნარჩენების მართვის კუთხით სტანდარტების და აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თხოვნით 2015 წელს მიმართა, რის შედეგადაც მომზადდა არსებული მდგომარეობის შეფასების ანგარიში და ტექნიკური საპროექტო წინადადება. დედაქალაქის მერიის მიზანია, ნარჩენების მართვის სისტემა ძალიან სწრაფი ტემპით დაუახლოვდეს ევროპულ სისტემას, რომლის ჩამოყალიბებაზე ევროპულმა ქვეყნებმა თითქმის რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყეს ზრუნვა.

 

მსგავსი თემები