თბილისში დაფიქსირებული ცოფის ორივე შემთხვევაში, ცხოველი პატრონიანი იყო – მიმართვა მოსახლეობას

„ცოფი არ არის გრიპის ვირუსი, შემთხვევა, შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ცოფისთვის ენდემური ქვეყანაა და ცხოველთა აცრა აუცილებელია“ – აღნიშნული განცხადება თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იმ ორ კონკრეტულ შემთხვევაზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში დაფიქსირდა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისში დაფიქსირებულ ორივე შემთხვევაში, ცხოველი პატრონიანი იყო. ამიტომ, ყველას მოუწოდა დაიცვან არსებული საკანონმდებლო ნორმები და  დეტალურად ისაუბრა, რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად.       

„საკითხი  ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ცოფისთვის ენდემური ქვეყანაა. თუ სახლში გვყავს ცხოველები, უნდა ვიცოდეთ კანონი თუ როდის ავცრათ. თბილსისხლიანი  არსება ვირუსის  გადამტანია, ამიტომ, აცრა საჭიროა.  ცოფის ბოლო 2 შემთხვევა, რომელიც თბილისში დეკემბერსა და იანვარში დაფიქსირდა, პატრონიან ცხოველებში იყო. რადგანაც ბოლოს წინა შემთხვევაში პატრონმა ცხოველის აცრა რამდენიმე თვით დააგვიანა, სამწუხაროდ, მივიღეთ ტრაგედია, მძიმე სურათი“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.  

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ერთ შემთხვევაში, ძაღლმა მაჩვი დაგლიჯა და 4 დღეში დაიღუპა. მეორე შემთხვევაში კი პატრონმა ძაღლი, გარკვეული სიმპტომების გამო, გარეთ გააგდო. ძაღლი მოქალაქემ აღმოჩინა, შესაბამის უწყებას დაუკავშირდა და საბოლოოდ ძაღლი ცოფის ვურუსით დაავადებული აღმოჩნდა.

ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, რისკი დიდია მონადირე ძაღლებში. ამიტომ, ყველას, ვინც ნადირობს, მიმართა, რომ საკუთარ შინაურ ცხოველს დროული ვაქცინაცია ჩაუტაროს.   

„მე არ დამემართება, ჩემს ძაღლს არ დაემართება, მსგავსი რამ არ არსებობს. მონადირე ძაღლებში დიდი რისკია. პანიკის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.  დროული ჩარევის გარეშე ლეტალური შემთხვევა 100% იქნება,  აცრის შემთხვევაში კი გადარჩენის მაჩვენებელი 100%-ია“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, რადგანაც ცოფის ვურუსის მატარებელი ორივე ცხოველს ჰყავდა პატრონი და ის სახლში ბინადრობდა, დიდი რისკია ვირუსის გავრცელების. აქედან გამომდინარე, ოჯახის ყველა წევრი აცრებს იკეთებს.

ასევე, შესაბამისი სამსახურები იმ პერიმეტრზე მობინადრე ცხოველებსაც ცრიან, რომლებსაც შესაძლოა, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი ჰქონოდათ და მუშავდება ტერიტორია.

მსგავსი თემები