თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა სივრცის მოხატვა დასრულდა

თბილისში გამართული ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელი “სტრიტ არტის” სტილში მოიხატა. კედლების მოხატვაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მხატვრები.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აქცია ამით არ დასრულებულა და მომავლში თბილისის სხვადასხვა უბნების, ქუჩებისა და სახლების კედლების მოხატვა იგეგმება.

„ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ და ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობდნენ. ეს არის ხელოვნება და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით შესრულებული ნამუშევრებია. ასევე, ჩამოსულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ისინიც მუშაობდნენ და მათაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქის გალამაზებაში იგრძნობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფესტივალი, რომელიც 2 ივნისს დაიწყო, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობდა. ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა სივრცის მოხატვის გარდა, სხვადასხვა სოციალური და კულტურული აქტივობებიც განხორციელდა.

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 9 ივნისს, მუსიკალური პროგრამით დაიხურება.


მსგავსი თემები