თბილისში, ძველი ხიდების რეკონსტრუქცია და ახალი ხიდების მშენებლობა იგეგმება

თბილისის გარეუბნებში ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყება. 4 მლნ ლარი დაიხარჯება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციისთვის.

“ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვარქმევთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება ოთხი მილიონი ლარია. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20–30 მილიონი ლარია.

„ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეუწყობს ხელს და ზოგადად, არსებულ მდგომარეობას განტვირთავს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ხიდის მიმდებარე არეალისა და დედაენის ბაღის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება ბაღში არსებული მწვანე სივრცეები, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია.

“ამ ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამასთან, ორბელიანის მოედნის სრული რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.



მსგავსი თემები