თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია 17 ქვეყნის ექსპერტებმა შეამოწმეს

ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტებმა თბილისის ლუგარის ლაბორატორია შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღებზე მუშაობენ, რუსეთის დელეგაციამ შემოწმებაში მონაწილეობა არ მიიღო.

დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან და მათ მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„შემოწმების მიზეზი რუსეთის ბრალდებები ნამდვილად არ ყოფილა. რუსეთის ბრალდებები დიდი ხანია გვესმის, რაც ლაბორატორია გაიხსნა, მას მერე ახალ-ახალ ბრალდებებს ვისმენთ. საქართველოში მოწვეული იყო ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, მაგრამ ჩამოვიდა მხოლოდ 17 ქვეყნის დელეგაცია. რუსებმა უარი განაცხადეს ჩამოსვლაზე. რაც მთავარია, დასკვნა შემდეგია – ჩვენ იქ მხოლოდ და მხოლოდ პროფილაქტიკურ და დამცველობითი მიზნებს ვასრულებთ და არავითარი საპანიკო და საგანგაშო რომ ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება, რომელიც ბიოლოგიური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგოა. ყველა კვლევა არის მხოლოდ მშვიდობინი მიზნებისთვის“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა ჟენევაში განიხილეს, სადაც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას კონვენციის მონაწილე 178 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. მათ შორის იყო რუსეთიც.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, დასკვნასთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციას გარკვეული კითხვები ჰქონდა, თუმცა, სხვა ქვეყნის დელეგაციებისთვის ყველაფერი ცხადია, რომ ლურაგის ლაბორატორია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის მუშაობს.

„ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაისვა კითხვები და ყველა სხვა ქვეყნის დელეგაციამ დასკვნა ძალიან დადებითად მიიღო. კითხვის ნიშნები მოხსნილია მთელი 178 ქვეყნისთვის, ვინც კონვენციის ხელმომწერია. არ ვიცით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს დასკვნაზე რა რეაქცია ექნება. ფაქტია, რომ ამაზე მაღალი ინსტანცია, ვინც მსგავს კვლევებს აწარმოებს, არ არსებობს და ჩვენ ეს მექანიზმი უკვე გამოვიყენეთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები