თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

„ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქს „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შეემატა. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საზოგადოებას ორი წლის წინ წარვუდგინეთ,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერია ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას ძალიან მალე გეგმავს და დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს.

დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია თბილისის „მეტროპოლიტენის“ მოდერნიზებაც და არსებული ვაგონების განახლებაც. უახლოეს მომავალში კი მეტროს 40 ახალი ვაგონის შესასყიდად, ტენდერი გამოცხადდება.

„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენს მიერ გაიცა, შესრულდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, ეს მიმართულება პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას,“ – განაცხადა კალაძემ.

ახალი ავტობუსების წარდგენის ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, ასევე, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები