თბილისს სამი ახალი საბაგირო ექნება

თბილისის მერია დედაქალაქში სამი მიმართულებით, „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და  „სამება-მახათას მთის“ მიმართულებით ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით,  ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, დაახლოებით, 750 000 ლარი და ხუთი თვე სჭირდება.

„საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება – „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება,  რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტრანსპორტის აღნიშნული სახეობით, ბევრი მოქალაქე ისარგებლებს.

მსგავსი თემები