თბილისს ორი სპორტული ცენტრი შეემატა

თბილისის გარეუბნებში, ლილოს დასახლებასა და ვაზისუბანში ორი სპორტული ცენტრი, სარაგბო მოედანი და ტანვარჯიშის დარბაზი აშენდა.

ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს, მოიცავს ხელოვნურსაფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობას და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება. სარაგბო მოედანზე პირველად დაიყარა ქართული კაუჩუკი.

რაც შეეხება ტანვარჯიშის დარბაზს, შენობის ფართობი 500 კვადრატული მეტრია და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. ლილოს დასახლებაში, ასევე, მოეწყო ფიტნეს დარბაზი.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქში ამჟამად მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი სპორტული დარბაზის და ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის  მშენებლობა.

ახალაშენებული სპორტული ცენტრები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ დაათვალიერეს.

“ჩვენ, ასევე, დავათვალიერეთ ტანვარჯიშის დარბაზი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩვენ გავაგრძელებთ სპორტული კომპლექსების მშენებლობას სხვადასხვა რაიონში, რაც წლიური გეგმითაა გათვალისწინებული, სარაგბო მოედანზე პირველად დაიყარა ქართული წარმოების კაუჩუკი, რომელიც ძალიან ხარისხიანია”, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების  ჩართვას.

მსგავსი თემები