თბილისსა და ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება ტურისტებს ამ გზის გავლით ექმნებათ – კახა კალაძე

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზის სრულად მოწესრიგებას ითვალისწინებს.   

მიმდინარე სამუშაოებს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის შეფასებით, კახეთის გზატკეცილი მძიმე მდგომარეობაში იყო. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საქართველოზე წარმოდგენა პირველად ამ გზის მიხედვით ექმნებათ. 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე ინფორმაციით, გზატკეცილის ორივე მიმართულებით გზის საერთო სიგრძე, რომელიც შეიცვლება და მოწესრიგდება, დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, გამწვანდება და მოწესრიგდება გამყოფი ზოლები, განათების ბოძები კი სანათებიანად შეიცვლება. შეზღუდვის დროს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სათადარიგო ზოლებით ისარგებლონ, რომელთა რეაბილიტაცია შარშან დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

შარშან, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.


მსგავსი თემები