“თბილისობის” ტრადიციაში ცვლილებაა, ამიერიდან ის ოქტომბრის პირველ კვირას გაიმართება

“თბილისობის” ტრადიციულ დღესასწაულში ცვლილებაა. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ის ოქტომბრის ბოლო, ბოლოს წინა შაბათ-კვირის ნაცვლად, თვის პირველ კვირას გაიმართება. „თბილისობის” თარიღი წლეულს, 6-7 ოქტომბერი იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განმარტა, დღესასწაულისთვის ფიქსირებული თარიღის დაწესების თხოვნით, თბილისის მერიას ხშირად მიმართავენ ტურისტული კომპანიები, იმ მიზეზით, რომ ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი ამ დროს თბილისში ჩამოვიდნენ.

“არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა. გვთხოვენ, რომ ეს თარიღი იყოს ფიქსირებული, რადგან ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი თბილისში ვიზიტის მიმართ. ამიერიდან,„თბილისობის“ დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ღონისძიებებისთვის წინასწარ მოემზადებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ და დედაქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, შემოდგომის დადგომისთანავე გაგრძელდა დედაქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ხვალ, დაიწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელსაც უკვე 10 წელი უსრულდება.

პროექტი – „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქს ორი ლეგენდარული მომღერალი ეწვევა. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად იმღერებს, 21 სექტემბერს კი, თაიგერ ლილი, ბრიტანული ბენდით, გამორჩეული არტისტებითა და მუსიკოსებით ესტუმრება თბილისს.

“თბილისს უკვე ეწვია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი და ლეგენდარული ფიგურაა. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, თავისუფლების სიმბოლო და წლების შემდეგ, ის პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, თბილისში ბრუნდება. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მათ შორის, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“, ძალიან საინტერესო პროგრამით“, – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული “თბილისობა” პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 2011 წელს, ერთჯერადად „თბილისობის“ დღესასწაული 7, 8 და 9 ოქტომბერს აღინიშნა.

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მსგავსი თემები