“თბილისობა” 5-6 ოქტომბერს გაიმართება

მიმდინარე წელს „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, “თბილისობის” დღესასწაულზე, სხვადასხვა ღონისძიებები, რიყეზე, ლეღვთახევის, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. “თბილისობის” დღესასწაული ორი დღე გაგრძელდება.

„იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები. კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები. ორბელიანის ღია ბაზარი, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები, მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი და სხვა საინტერესო ღონისძიებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლეღვთახევში მოეწყობა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას, ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

„მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომობილების გამოფენა, ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის, 5 ოქტომბერს 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება გვექნება და გაიმართება ასევე გალა-კონცერტი „მე ვარ თბილისი“. 6 ოქტომბერს 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება „მოარე“. ეს არის აკრობატიკის საჰაერო შოუ როკ-მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები